ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის მთავარ სამმართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს.
როგორც სანაიამ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა საკითხზე სურდა გამომძიებელს გასაუბრება.
ამასთან, სანაიას თქმით, ის მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მოსამართლის თანდასწრებით ყველა კითხვას უპასუხოს .
"მთხოვეს 5 ივლისთან დაკავშირებით მოსვლა და მოვედი. რა თქმა უნდა, მზად ვარ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, უბრალოდ აბსოლუტურად გაუგებარია, რა აბსურდთან დაკავშირებითაც დამიბარეს
გამომძიებელს ვუთხარი, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის და მოსამართლის თანდასწრებით ყველა შეკითხვაზე გავცემ პასუხს. აქ რაც ახლა ხდება არის ფარსი და ფარსში მონაწილეობას მე არ ვაპირებ. თუ ჩემი პოზიციის გამოსახატავად დამპატიჟეს, ჩემი პოზიცია გამოხატული მაქვს არაერთხელ, აქციებზე. გასაუბრება უნდოდათ, ოღონდ რა საკითხზე კონკრეტულად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია",- თქვა სანაიამ.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.
რუსთაველის გამზირი დილიდან ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დაარბიეს პარლამენტის წინ აქტივისტების კარვები, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა 53 ჟურნალისტი. მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ.
5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 ადამიანი.
ამ დრომდე დაკავებულები არ არიან აქციის ორგანიზატორები.